ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.

უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას“, – აღნიშნულია განცხადებაში.