“ორ დღეში საქართველოს ეყოლება ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა”

 ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ არის ხანმოკლე ფონი პოლიტიკური კრიზისისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ორ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ვიყავით ყოველთვის იქ, ველოდებოდით ოპოზიციას, ველოდებოდით, ოღონდ ულტიმატუმების გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში. სხვა მხრივ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, როდესაც ოპოზიციამ პრემიერ გახარიას გადადგომისთანავე, დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები განახლდეს და პარალელურად დაიწყეს ძალადობრივი აქციები პარლამენტის წინ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ თვალთმაქცობდნენ და ფარისევლობდნენ. მათ არ უნდათ მოლაპარაკებები, ეს მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერის განცხადებებში, რომლებმაც მოყვეს შიგნით რაც ხდებოდა. თუნდაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ვაშაძემ. თქვეს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ბოკერიას პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებები და რა წინადადებაზეც არ უნდა დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის აყირავების, რევოლუციისა და გადატრიალების მცდელობა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ვერ მოხდება ვერანაირი გადატრიალება, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.