პრეზიდენტი: თამაზ გამყრელიძის გარდაცვალება მთელი ქვეყნისათვის დანაკლისია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და აკადემიკოსის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თამაზ გამყრელიძის სამოქალაქო პანაშვიდზე აღნიშნა, მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

„რამდენიმე თვის წინ თამაზ გამყრელიძეს მივანიჭეთ ბრწყინვალების ორდენი, თუმცა პანდემიისა და მისი ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა ამ უმაღლესი, სახელმწიფო ჯილდოს სიცოცხლეში გადაცემა. ვაპირებთ, რომ სათანადო პირობებში გავმართოთ ღონისძიება და გავიხსენოთ მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი მხრიდან სამშობლოს მიმართ გამოხატული ძალიან დიდი და საპატივცემულო აქტი იყო ასევე მისი ხელმოწერა, 30 წლის წინ, საქართველოს დამოკიდებლობის აქტზე. მინდა, სახელმწიფოს სახელით კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.