საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, წელს პირველად გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან, როგორც პრეზიდენტმა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება დაისახა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე.
პრეზიდენტის თქმით, სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა.
„მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობ და ვხსნი ამ ფორუმს.100 წლის წინ, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საბჭოთა ტირანიას გაექცნენ და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია შექმნეს. მათ შორის იყვნენ ჩემი მშობლებიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი წასვლა კაპიტულაცია არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შენარჩუნების და დემოკრატიულ სამყაროში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება.
მათ მიერ საქართველოს ინტერესების მუდმივმა ადვოკატირებამ ჩამოაყალიბა ძლიერი და ენერგიული საზოგადოება ევროპასა და ამერიკაში, რომელიც დღემდე აქტიურია. დღეს, 100 წლის შემდეგ, ქართული დიასპორა უფრო ფართოა და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ყველა სფეროს საქმიანობაში – მწერლებს, კომპოზიტორებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს, ბიზნესმენებს, დიზაინერებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სპორტსმენებს სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებთ. თითოეული თქვენგანი ჩვენი ერის ელჩია და თქვენი სახელი და წარმატება თითოეულ ჩვენგანზე აისახება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.