რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ქალაქში ამ დროისთვის არცერთი სკოლა არაა სრულად დისტანციურ სწავლებაზე და სკოლების ნაწილში სწავლა ჰიბრიდული ანუ შერეული, ნაწილში კი დასწრებითი მოდელით მიმდინარეობს.
“რუსთავში 34 სკოლიდან 26 საჯარო და რვა კერძო სკოლაში აღდგა სასწავლო პროცესი. არცერთი სკოლა არაა სრულად დისტანციურ სწავლებაზე. საჯარო სკოლებიდან 24 სკოლა სწავლებას განაგრძობს ჰიბრიდული ანუ შერეული მეთოდით, ნაწილი საგნების ან კლასების სწავლობენ ონლაინ რეჟიმში, ნაწილი დასწრებით სწავლებაზეა გადასული.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ერთი სკოლაა ჰიბრიდულ სწავლებაზე, დანარჩენები უზრუნველყოფენ ყველანაირი რეგულაციის დაცვით მოსწავლეთა დასწრებას საკლასო ოთახებში”-განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა Tv4-თან.
მისივე ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ.
“სწავლის დაწყებამდე აბსოლუტურად ყველა პედაგოგის ტესტირება მოხდა, 20 % PCR ტესტით გაიტესტა, დანარჩენი სწრაფი ტესტით. სტატისტიკა ასეთია, 28 თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი საჯარო სკოლებში, ცხრას კი კერძო სკოლებში. ეს სკოლები განაგრძობენ სწავლებას ონლაინ რეჟიმში. თუ პედაგოგი არის დაწყებითის და რამდენიმე საგანს ასწავლის, კლასი გადავა ონლაინს სწავლებაზე ან საგანი, დასწრებით სწავლებაზე ან ონლაინ სწავლებაზე.”-განაცხადა რესუსრცენტრის ხელმძღვანელმა.