რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

ხვალიდან, 1-ელი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება  საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ასეთია:

  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნმდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;