რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან ?

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და კვების ობიექტებზე შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

უფრო კონკრეტულად, ხვალიდან ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა, მშობლებს კვლავ ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლება აირჩიონ. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა. ასეთი ვალდებულება სკოლის ტერიტორიაზე არ ექნებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, ისინი სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ, გარდა შაბათ-კვირისა. პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კვლავ ძალაში რჩება.