როგორ უნდა მოიქცეთ თუ გსურთ ბავშვმა სწავლა ონლაინ გააგრძელოს?

მოსწავლეების მშობლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ბავშვებმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ, ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის და აღნიშნული მიდგომა ყველა საჯარო სკოლას შეეხება.

„მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება.

„სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.