სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ორ დღეში, 27 თებერვლიდან განაახლებს მუშაობას.
“დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში, პრაქტიკულად, განაახლებს მუშაობას. გარკვეული 1-2 დღიანი მომზადება დასჭირდა და განაახლებს მარშრუტებს და განრიგს გამოაცხადებს. მთავარია ეს დადებითი ტალღა შენარჩუნდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მოძრაობის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს რკინიგზაც.
კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.
„მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.