უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტრო, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, სისტემატურად განახორციელებს მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მონიტორინგს სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპადაა დაყოფილი. 1-ლი მარტიდან მათ უფლებამოსილება ეძლევათ, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და, ასევე, გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. მეორე ეტაპზე, 15 მარტიდან, მათ უფლებამოსილება ეძლევათ, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.

ორივე ეტაპზე, არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.