“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეორედ მოსვლა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ასე ეხმაურება უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენას.
მისივე თქმით, ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.
“ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.