“ზურაბიშვილის განცხადება ისევეა დროსა და სივრცეში აცდენილი, როგორც თავად ეს ფიგურა”

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროსა და სივრცეშია აცდენილი ისევე, როგორც თვითონ ეს ფიგურა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, რომ მომლპარაკებლის როლი იტვირთოს, ამისთვის ნდობაა საჭირო.

როგორც უგულავა აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის, მოხდეს დეზოლვირება იმ გადაწყვეტილების, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს.

„ის ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ მისცეს სხვადასხვა რჯულის პოლიტიკოსებს საშუალება, რომ ქულები ჩაიწერონ. რა მისი საქმეა, ვინ რა ქულებს ჩაიწერს? იმის მაგივრად, რომ გააცნობიეროს კრიზისი, გვეუბნება წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მოლაპარაკებებიო. თუ წინაპირობების გარშე უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაშინ რატომ უყენებ მოთხოვნებს ამ შემთხვევაში მთავრობას? სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების” და არაფრით არ განსხვავდება ღარიბაშვილისგან. თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს, ამისთვის მინიმალური ნდობაა საჭირო. ამიტომ, მას მინდა მოვუწოდო, თუ უნდა რაღაცნაირად გახდეს პროცესის ფასილიტატორი, ამ ნდობისთვის აუცილებელია, რომ შეიწყალის გიორგი რურუა. თუ ეს ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან გადადგმული, ეს იქნება აღქმული ჩვენი მხრიდან, როგორც სწორი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებაა გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური აღქმადობის საქმეების უკან წაღება.

სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც გველაპარაკება, რომ ადამიანის ზრუნვით ფრთები ამოდის. ვნახეთ, მთავრობა, რომელიც გვეუბნება, რომ ესებუა იმიტომ გაუშვა, რომ იქ რამე არ მომხდარიყო, მას შემდეგ დასდევს და ხუთასი ათასიც გაატანა. ეს მთავრობა აპირებს შემოვიდეს შენობაში, სადაც ასობით ჟურნალისტი და კიდევ მეტი სხვადასხვა გულანთებული ადამიანია. ერთ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ და მძევლების ამყვან ტერორისტს ფიანდაზად უშვებენ, მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ შეიძლება აქ შემოვარდნენ და კატასტროფა დაატრიალონ. 40 000 ლარის გირაოს გამო შეიძლება, სახელმწიფომ ასეთი რამ ჩაიდინოს? სად არის ლოგიკა ან ჯანსაღი აზრი? ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის, მოხდეს დეზოლვირება იმ გადაწყვეტილების, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს და დაუბრუდნენ მაგიდას. ეს არ იქნება სისუსტის დემონსტრირება, არამედ ჯანსაღი აზრის დემონსტრირება. შემოვარდნა იქნება სისუსტის დემონსტრირება, რადგან შემოვარდნას ექნება პასუხი, ექნება საეთაშორისო პასუხიც და ჩვენს თავს დავიცავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.