რეხვიაშვილი აქციის მონაწილეებს: ადამიანურად დავილაპარაკოთ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რუსთავში აქციის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. რუსთავი-თბილისის ავტობანზე მიმდინარე აქციაზე შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესო ტოგონიძესთან ერთად, მივიდა.

მხარის პირველმა პირმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა და პირველ რიგში, მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ვიდრე გზა არ გადაკეტეს, მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.

გუბერნატორმა აქციის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა და აღნიშნა, რომ მათ მოთხოვნებს მოინიშნავს.

„აქ მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და მოძრაობა პირველ რიგში არ შევაფერხოთ. ადამიანურად დავილაპარაკოთ. გავხსნათ გზა და მივცეთ ადამიანებს გადაადგილების საშუალება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემადგენლობაში, არავის დავმალულვარ ბუჩქებიდან არ ველაპარაკები არავის, ახლავე შეგვიძლია გადავიდეთ ჩემთან სამსახურში და დავილაპარაკოთ. ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ წინა აქციაზე არ მოვედი, მე არ ვიცოდი, რომ ასეთი მდგომარეობა იყო. დღეს ვიცი,რომ მოითხოვეთ შეხვედრა და მოვედით. “, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

“ჩვენ გვინდა მშვიდობიანი დიალოგი შედგეს თქვენთან, თქვენი მეშვეობით მოხდეს იმ ადამიანებთან მიწოდება ამ ამბის, რომლებსაც რეაგირება ექნებათ ამ საკითხზე”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რუსთაველებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა შარტავას გამზირზე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს და რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტეს.