ხაზარაძე “ქართულ ოცნებას”: დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ

არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ ოცნება არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა,მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე მმართველ გუნდს დებატებში მონაწილეობისკენ და პირისპირ დალაპარაკებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ხელისუფლებას მწვავე კითხვებზე პასუხი არ აქვს.

„ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?! ხელისუფლებას მოვუწოდებთ-გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას. მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.