ჯანმო: Covid-19, სავარაუდოდ, ლაბორატორიიდან არ გავრცელებულა

ჩინეთში ჩასულმა მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, გაყინული საკვები პროდუქციის გადაზიდვის შედეგად გავრცელდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან  უხანში გაგზავნილ მეცნიერთა ჯგუფი უარყოფს ვარაუდს, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან შეიძლება გავრცელებულიყო.

ჯანმო ჩინეთის გარეთ კორონავირუსის ადრეული შემთხვევების კვლევის დაწყებას გეგმავს. კვლევის მიზანია, დადგინდეს, იყო თუ არა “კოვიდ-19” მსოფლიოში გავრცელებული მანამ, სანამ უხანში ეპიდაფეთქება დაიწყებოდა.

“აუცილებელია ადრეული ცირკულაციის სამხილები გადამოწმდეს”, – განაცხადა ჯანმო-ს ჰოლანდიელმა ვირუსოლოგმა,მარიონ კოოპმანსმა.

ჯანმო-ს მიერ დაწყებული მოკვლევა ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა და მის დასრულებას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მონაცემთა ბაზის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ შემოწმებას ჩაატარებს.

14 მეცნიერისგან შემდგარმა სპეციალურმა ბრიგადამ უხანში ლაბორატორიები, დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ცოცხალი ცხოველების ბაზრობები შეამოწმა. მონიტორინგს ჯანმო-ს ჯგუფი 12 დღის განმავლობაში ატარებდა.