14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდეს

23 წლის კაცს, რომელმაც 14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაუპატიურება, სავარაუდოდ, გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, მოძალადე კი პოლიციამ მხოლოდ გოგოს გარდაცვალების შემდეგ დააკავა.

მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კაცმა ის რამდენიმე თვით ადრე გააუპატიურა, თუმცა, პოლიციამ დამნაშავე “ექსპერტიზის დასკვნის ლოდინის” მიზეზით არ დააკავა.

გოგოს მამა რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა, დედა კი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. მოზარდი ბაბუასთან ცხოვრობდა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა დედამ თქვა, რომ გაუპატიურების შემდეგ მის შვილს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა.

“ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს დედამისთან თურქეთშიო, აქ ვერ იცხოვრებს, სოფელში, შეგვარცხვინაო”, – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა. მისივე თქმით, ძალადობის შემდეგ მამამთილის ძმისშვილებმა მოზარდს სასტიკად სცემეს.

დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს “თითი არ დაუკარებია”.

დაკავებულის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.