“6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება”

,,გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“- წერს ქოქიაშვილი

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, 30 იანვარს რესტორნების წარმომადგენლების მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასაც შეუერთდნენ.