ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, „ქართული ოცნება“ მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად გახარიას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ, პატივს სცემს ნაბიჯს, რომელიც მან გადადგა.
„მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ გუნდს, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. თქვენმა პოლიტიკამ, თქვენმა უგუნურებამ საკუთარ ძალაუფლებაზე და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და საქართველოს მომავლის პერსპექტივა კიდევ უფრო უკან გადაიწიოს.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს და დააკომპლექტებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, წინასწარ განწირულია და დესტაბილიზაციისკენ ნაბიჯი იქნება.
მინდა „ქართული ოცნების“ დარჩენილ გუნდს მოვუწოდო, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც ასეთ კრიზისში შეიყვანა „ქართული ოცნება“ და ამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა. მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ, მე პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც მან დღეს გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, „ქართული ოცნება“ მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“,-აცხადებს ბაქრაძე.