NGO-ები მთავრობას გადაადგილების შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ. როგორც NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, ადამიანის უფლებები იზღუდება.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება”, — აცხადებენ NGO-ები.

მათივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა ის ბუნდოვანია.

“მართალია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს”,- წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia);

თანასწორობის მოძრაობა;

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);