UNICEF: შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიენიჭოს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები. ამასთან, საფრთხეშია მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამასთან, UNICEF ხაზს უსვამს, რომ ყველაზე დაუცველი ბავშვები — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები — ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ.

“თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

UNICEF აღნიშნავს, რომ სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას:

“იქ, სადაც ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია, სადაც ჯანდაცვის სისტემები ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ არის და სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა გატარდეს საპასუხო დამცავი ზომები. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ბავშვებმა, რომლებიც სკოლის კვების იმედად არიან და ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც წინა ხაზის მუშაკებად შრომობენ, შეძლონ სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში”.

საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში COVID-19-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, UNICEF-ში ამბობენ, რომ ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას:

“სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას”.

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას, საშუალებას მისცემს მათ პირადად ჩაატარონ გაკვეთულები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები.