ამ წუთას დავასრულეთ საკოორდინაციო შეხვედრა ჩვენს ოპოზიციურ პარტიებთან, სხვადასხვა პარტნიორთან, ყველას აზრი არის ერთნაირი, რომ ეს იყო როდიონოვის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.
„ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. როგორც იცით, ეს იქნება მუდმივი პროტესტი. არც ერთი წუთით უკან დახევას არ ვაპირებთ. დღეს ჩვენ 15:00 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ დავანაანონსებთ ძალიან დიდ შეკრებას. ახალი მანიფესტაციასთან დაკავშირებით გეგმებს დღეს გაგაცნობთ.
მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს სამშობოლოსა და თავისუფლებაზე, აქ საქმე აღარ არის უკვე მარტო ნიკა მელიაზე, ჩემს მეგობარზე, რომელიც დღეს დააპატიმრეს. საქმეა, ვაძლევთ თუ არა ჩვენ საშუალებას რეჟიმს, ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსილ რეჟიმს, რომ საბოლოოდ გადაუაროს და თავის მსახურებად გადაგვაქციოს, თუ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენ აქ მყოფი ადამიანები ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შემოგვიერთდება სამ საათზე კანცელარიასთან. პირობას ვაძლევ ყველაზე რეგვენს, ვინც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ზიზღის ენას აფრქვევდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას საფრთხე დაემუქროს. ამის პირობას გაძლევთ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ვიყავით ზუსტად ამ თავისუფლების ფრონტზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძემ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ.
„რა თქმა უნდა, ეს არის რეჟიმი, ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, ძმებო, მშობლებო, არ ვიცი ყველას მოვიწოდებ, რა თქმა უნდა, ასე იქცევა რეჟიმი, სხვა გამოსავალი ახლა რეჟიმს არ აქვს. რეჟიმს სხვა გამოსავალი, რომ თავისუფლება შეზღუდოს, არ აქვს. ჩვენ არ გვეშინია რეჟიმის. დღეს თქვენ ნახეთ, როგორ ვიყავით და როგორი ღირსებით აღსავსე იყო ნიკა, როგორ შემოყარეს გაზის ბალონები და პრაქტიკულად, როგორ გაგუდეს ადამიანები.
ამიტომ, ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად ვიწყებთ ძალიან დიდ, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბოლშევიკური რეჟიმისგან. ეს არის როდიონოვები, როდიონოვის რეჟიმი, ამიტომ, ახლა მომეცით საშუალება, რომ ვიმუშაო რამდენიმე წუთი. ვისაც აინტერესებს გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, შეუძლია, გადაავლოს თვალი, მაგალითად, „ტვიტერს“, რა მძიმე განცხადებები კეთდება, მათ შორის კეთდება განცხადებები ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს კომუნკაცია არის მუდმივად, ახლაც კომუნიკაციაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია იქნება მუდმივი, ყოველწუთიერი, არა მხოლოდ აქაურ დიპლომატებთან, არამედ ჩვენს დედაქალაქებთან, პარტნიორების დედაქალაქებთან. პირობას გაძლევთ, არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყნის მომავალს საფრთხე დაემუქროს, ვიქნებით 10 000, გავიზრდებით, ვიქნებით 20 000 და ნიკა აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე. არ ვიცი, გვიყურებს თუ არა, მაგრამ კიდევ მინდა, გავუმეორო, ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის, ასევე ჩვენი დიდი მოკავშირეების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.