საგანმანათლებლო ასოციაციის დირექტორის განცხადებით, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კერძო ბაგა-ბაღებმა მუშაობა, შესაძლოა, პირველი მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლონ.
გიგი სისვაძის თქმით, პირობა ბიზნეს ომბუდსმენის და ეკონომიკის სამინისტროსაგან მიიღო.
როგორც ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, პაუზის შედეგად ბაღების 30-35% საერთოდ ვეღარ დაუბრუნდება ბაზარს, რადგან მათ უკვე გაუქმებული აქვთ საიჯარო ხელშეკრულებები.
,,ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს კოორდინაცია ბიზნეს ომბუდსმენთან. ჩვენი გახსნა არ მოხდა პირველ ეტაპზე, თუმცა პოზიტიურია ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედითაც სესხის პროცენტის სუბსიდირების პაკეტი კერძო ბაღებსაც შეეხო. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა და გვიხარია, რომ შესრულდა.რაც შეეხება ფუნქციონირების აღდგენას, დაგვპირდნენ, რომ პირველი მარტიდან გავიხსნებით.”-განაცხადა სისვაძემ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივი გახსნის პროგრამა 8 თებერვალს დაიწყება. 15 თებერვლიდან კი ყელა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ზუსტი თარიღი, თუ როდის განაახლებენ ისინი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია, ამაზე ოფიციალური განცხადება მთავრობაში არ გაკეთებულა.