ორ კვირაში ერთხელ საბავშვო ბაღების თანამშრომლების 20 პროცენტი სავალდებულო ტესტირებას გაივლის, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული.
„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული. ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ პირველ მარტს, ეს ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებს.
აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტი გაივლის სავალდებულო ტესტირებას ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენ უკვე გვაქვს სკოლის მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს ლექციების აუდიტორიებში ჩატარება 15 მარტიდან შეეძლებათ და ეს ნებაყოფლობითი იქნება.
„რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს, აქ ორ ეტაპად გვაქვს გაყოფილი პროცესი. კერძოდ, პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს უფლება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ჩვენთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები.
უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ეძლევათ, რომ აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი, ანუ აუდიტორიებში ლექციები განახლდეს 15 მარტიდან. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მათი უფლებამოსილება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ისევ ჩვენთან შეთანხმებით, მიიღებენ უნივერსიტეტები და კოლეჯები.
რაც შეეხება სასკოლო წრეებს, პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს“, – განაცხადა ჩხენკელმა.