გაბუნია: მოკლე ხანში კონკრეტული ციფრები გვექნება, რა რაოდენობის ვაქცინის მობილიზება მოხდა

სხვადასხვა კომპანიასთან მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის არის „მოდერნა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნია ამბობს, უახლოეს მომავალში უნდა იყოს ცნობილი, „კოვაქსის“ მიღმა რომელი მწარმოებლიდან და რა რაოდენობის ვაქცინების მობილიზება მოხდა.

„მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ მიიღონ ავტორიზაცია. „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. ამდენად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობთ, მოკლე ხანში უფრო კონკრეტული ციფრები გვექნება იმასთან მიმართებით, თუ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა რომელი მწარმოებლიდან რა ვადებში და რა რაოდენობით ვაქცინების მობილიზება მოხდა ქვეყნის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.