გოგი წულაიას მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

გლდანის ციხის მიმდებარედ, გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქციას სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ქუთაისელი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები ციხემდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ. მათი ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არც მედიკამენტებს იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გაანადგურეს არა მარტო გოგი წულაია, არამედ მისი ოჯახიც! ის უნდა იყოს გათავისუფლებული და აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ უნდა ჰქონდეს. მსგავს სიტუაციებში ორმაგი სტანდარტი გვაქვს. ვიცით გოგი წულაია, როგორც გამოხატავს ემოციას, შეიძლება ვეთანხმებოდეთ, ან არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც იძალადა თავისი თავია, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოპერაცია აქვს გადატანილი. თავის გულს თუ ვნებს, თორემ სხვას ვერასდროს ვერ ვნებს.“, – განაცხადა მსვლელობის დროს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.