ელისაშვილი: სააკაშვილს არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა

პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის აზრით, სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიიღწევა.

“მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს.

“ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ. როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.