ექთნის ოჯახის ადვოკატი- აუცილებლად დავადგენთ რატომ გარდაიცვალა მეგი

ოჯახის პოზიციაა, რომ სიმართლე გაირკვეს და ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება ოპერატიულად მუშაობს, ოჯახი კი საქმეში ალტერნატიული ექსპერტების ჩართვას გეგმავს. როგორც ადვოკატი ამბობს, აუცილებლად გაირკვევა რა გახდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი.

„ეს არ არის მოთხოვნა, ეს გამოძიების საქმეა, რომ ობიექტური ძიება ჩაატაროს და პროკურატურიდანაც იგრძნობა ინტერესი. საგამოძიებო უწყება საკმაოდ ოპერატიულად მოქმედებს. დღეს დაგვპირდნენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს მიანიჭებენ ოჯახის წევრს, რის შემდეგაც შეგვეძლება, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ჩავერთოთ და შევისწავლოთ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას მივიღებთ, საქმეში ალტერნატიულ ექსპერტებს ჩავრთავთ და ისინი შეისწავლიან საქმეს.

როგორც წესი, დასკვნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე. შეიძლება, ერთ თვემდეც კი გაიწელოს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ ექსპერტიზის ბიუროც ოპერატიულობას გამოიჩენს ამ საკითხთან მიმართებაში და ექსპერტიზის დასკვნა მომზადდება უმოკლეს ვადებში, რადგან ეს, ერთის მხრივ, ოჯახის ინტერესს ეხება, მეორეს მხრივ, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. რაც შეეხება გამოძიების კვალიფიკაციას, ჯერ ამის შეფასება ნაადრევია. ჯერ უნდა გაირკვეს ფაქტები, როგორ ჩატარდა იმუნიზაციის პროცედურები, იყო თუ არა პროტოკოლი დაცული. თუ აღმოჩნდება, რომ არ იყო დაცული, აღმოჩნდება რომ გამოძიების კვალიფიკაციაც სწორია. თუ სხვა გარემოებები გამოჩნდება საქმეში, გამოძიებაც შეცვლის კვალიფიკაციას და ჩვენც მივუთითებთ ამის შესახებ”, – განაცხადა ადვოკატმა.