PCR ტესტირების მორიგი ეტაპის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ამიერიდან PCR ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციის მიზნით, თვეში ერთხელ ჩატარდება.
„ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. კერძოდ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ.
შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22 752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო COVID-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია“, – აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.