„ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ნაცვლიშვილის თქმით, ასევე უნდა გასაჯაროვდეს ყველა ოფიციალური მიმოწერა, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხებოდა.
„მთლიანად ჩავარდა კრიზისის მართვა ჯანდაცვის მიმართულებით და ამან საქართველოს მოსახლეობა გაწირა სიკვდილისთვის უვაქცინობის პირობებში და მოსახლეობის მეორე ნაწილი გაწირა შიმშილისთვის ჩაკეტილი და ჩამოქცეული ეკონომიკის პირობებში. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ჩავრთულიყავით ყევლა ფორმატში და ყველა კომპეტენტური პირი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩართულიყო ამ პროცესში. ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ლელომ“ შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.
„არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია ჯანდაცვის სამინისტროსგან იმიტომ, რომ მათ ეშინიათ ამ მიმოწერის გასაჯაროვების. „ლელო“ მოითხოვს, რომ მინისტრი გადადგეს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გასაჯაროვდეს ყველა მიმოწერა, რომელიც წარმოებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მისაღებად და დავინახოთ, სად გვაქვს სხვა სისტემური ჩავარდნები და მინისტრთან ერთად ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 1-ელ მარტს არ გვაქვს ვაქცინა და არც გარანტია იმის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანა ისევ მკაცრი რეგულაციების დაწესების წინაშე დადგეს.
„ჩვენ ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რომ ვაქცინა კვლავ არ გვაქვს და ამ პირობებში ქვეყანა იხსნება დაუხვეწავი რეგულაციებით. კიდევ ერთხელ ხელისუფლება ამით ამზადებს ქვეყანას მესამედ ჩასაკეტად. სასწრაფოდ მოვუწოდებ მინისტრს, დატოვოს თანამდებობა და მოვითხოვთ, უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბრიფინგზე ასევე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შეფერხებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრს ეკისრება.
„ლელო“ ითხოვს ჯანდაცვის მინისტრი გადადგეს, ვინაიდან, მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ვაქცინა და გვაქვს ხვალინდელი დღის შიში, რომ მოვა ე.წ. მესამე ტალღა და ისევ მოუმზადებლები დავხვდებით. მომზადება იქნებოდა ის, რომ ექიმები და მაღალი რისკის მატარებელი ადამიანები მაინც აგვეცრა და ვყოფილიყავით მშვიდად. რაც ხდება საქართველოში, არც ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. დავრჩით ჩვენ, ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, მონღოლეთი, ვიეტნამი და აფრიკის კონტინენტის ზოგიერთი ქვეყანა“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.