ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

9 მარტის 21:00 სთ-დან 10 მარტის 06:00 საათამდე, ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ნიკეას ქუჩისა და ქ. ქუთაისის გავლით გადაადგილდება.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, კომპანია „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2021 წლის 9-10 მარტს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე სარკინიგზო გადასასვლელზე რკინა/ბეტონის კოჭების ტრანსპორტირების და მონტაჟის სამუშაოები, რისთვისაც აუცილებელია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობის ჩაკეტვა 216-ე კმ-ზე მდებარე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან, 228-ე კმ-ზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე.

აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა განხორციელდება 2021 წლის 9 მარტის 21:00 სთ-დან 10 მარტის 06:00 სთ-მდე პერიოდში (9 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ნიკეას ქუჩის და ქ. ქუთაისის გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება არსებული სქემით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.