სამინისტრო: მიმდინარე კვირაში კორონავირუსი მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

მათივე ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.