საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია “დედამიწის საათს” შეუერთდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს“ შეუერთდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გლობალური აქციის ფარგლებში, დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

ყოველწლიურ გლობალური მასშტაბის აქციას, „დედამიწის საათს“ შეუერთდა ასევე, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა.

ყოველწლიურად ამ დღეს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი იკრიბება ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო – დედამიწის დაცვისთვის.