ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. კერძოდ, მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. რეფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.