ძალიან იშვიათი შემთხვევაა – WHO-ს პირველი კომენტარი 27 წლის ექთნის საქმეზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილ 27 წლის ექთანზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებებში მიმდინარეობდეს, სადაც მედიკოსები და საჭირო აღჭურვილობა იქნება.

“იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს რეკომენდირებულია, რომ პირველ რიგში, დავრწმუნდეთ,  ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომელბიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი ექნებათ. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში”, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

მისი თქმით, აცრილ ადამიანს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, განსაკუთრებით მათ ვისაც წინა ანაფილაქსიური ისტორია აქვთ.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით”, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.