წულუკიანი: ქობულეთელი გოგონა სკოლაში ხომ დადიოდა, რა გააკეთეს?

განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურის „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„მე არ მაქვს კითხვა, მინდა, საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა, გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში, მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენს ადგილას და მითქვამს, რომ არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და ამ მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი.” – მიმართა წულუკიანმა გომელაურს.

ამასთან, თეა წულუკიანმა მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ შს სამინისტრო განათლების და სოციალურ უწყებებთან მჭიდროდ იმუშავებს.

„კითხვა არ მაქვს, უბრალოდ, კარგი იქნებოდა, იდეას შემოგთავაზებდით, თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მუდმივად საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი. ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან დიდ დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. არ გაგვიკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას ეგონოს, რომ მხოლოდ პოლიციიის ბრალი და თემაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი თემები, როდესაც მასწავლებელს კლასში დადის, ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი, დავუსვამ კითხვას, რა გააკეთა მასწავლებელმა, ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს. რას აკეთებდა სოცმუშაკი, ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბოლში კონვენციის რატიფიცირება. თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, მე ამას არ უარვყოფ და პასუხიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთო, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა, ამას ემსახურება სტამბოლის კონვენცია, ამიტომ თქვენ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ შემოგთავაზოთ, ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.