ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე პირი აივნიდან გადავარდა(+ვიდეო)

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში – რეზიდენციის შენობის მეორე სართულის ჩანგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, მათ შორის არიან მედიის სხვადასხვა წარმომადგენლები.

ვითარება ეპარქიის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი მეუფე სასულიერო პირებს ხვდებოდა.

დაპირისპირების დროს ადგილზე მივიდა მრევლის ნაწილი, რომლებიც შეხვედრაზე შესვლას ცდილობდნენ. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

დაპირისპირების დროს, აივანზე ხის კონსტრუქცია მოიშალა და ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ შეხვედრა ჩაიშალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ეპარქიის რეზიდენციაში იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ ფორმატში ხვდებოდა სასულიერო პირებს ადგილობრივი ეპარქიიდან.