პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, პლებისციტი არის სწორედ ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, ჩვენს მოქალაქეებს ვკითხოთ თავიანთი მომავლის ბედი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები.
მისივე თქმით, პროცესი ჩიხშია შესული, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ამ ვითარებიდან, განვითარებაზე სტაბილური გადასვლაა.
„განვითარებაზე გადასვლის ყველაზე საუკეთესო საშუალება არის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვკითხოთ, სჭირდებათ მათ თუ არა ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ლელოს“ აქვს ძალიან მყარი პოზიცია, ვფიქრობ, ეს არის ცივილური პოზიცია ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ეს არის ტექნიკის საკითხი, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის პლებისციტის ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.