აპრილიდან ქვემო ქართლში ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები განახლდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის სამ რეგიონში, მათ შორის ქვემო ქართლში, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები განახლდება.

ქვემო ქართლის გარდა, 2021 წელს დაიფარება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთის ნაწილი და თბილისი.

უწყების ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვა სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი პროცესია, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.

ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას გულისხმობს.
ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები 2021 წლის ბოლოსთვის მომზადდება. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.

ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.