ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლნისის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  ცენტრი მოინახულა და ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა დავით შერაზადიშვილსა და ბუბა გობეჯიშვილს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მსმენელებს 16 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს.

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსმენელების მიღება სასწავლო კურსებზე უკვე დაწყებულია.