ბოლქვაძე: ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს

პარლამენტში ახლად შექმნილმა კულტურის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის დებულება მიიღეს და თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გახდა, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით მოადგილის თანამდებობაზე ქეთევან დუმბაძე აირჩიეს. ოპოზიციას საკუთარი კვოტით მოადგილის კანდიდატურა კომიტეტისთვის არ შეუთავაზებია.

როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, კულტურის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კულტურას დიდი ყურადღება მიექცევა.

“ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხელოვნება მაქსიმალურად ემსახუროს ხალხს, მივიდეთ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო, ვისაც სჭირდება სულიერო საზრდო, მე მგონი, ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო.

ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა ქნას ის რაც ასე გვჭირდება ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას.”-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.