ხვალ, 15 მარტს დაიწყება „ასტარაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინა მივიღეთ 43 200 დოზა, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამაში შედის ყველა ექიმი, ექთანი და ის პერსონალი, ვინც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ვაქცინასციისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგისტრაციის პროცესი, რიგში ჩაწერა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით და ყველა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. 29 სამედიცინო დაწესებულება არის მომზადებული იმისთვის, რომ ხვალ მიიღოს სამედიცინო პერსონალი, ვინც უკვე ჩაწერილია რიგში. დილის მდგომარეობით 1 700-მდე ადამიანი უკვე იყო რეგისტრირებული სისტემაში. ეს პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად. ამდენად, მე მინდა ვთხოვო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყონ პირი, ვინც დაეხმარება თანამშრომლებს რეგისტრაციაში და რიგის დაჯავშნაში, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და მარტივად მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის განხორციელება. დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ ამ დაწესებულებებში, რომ საბოლოოდ შეამოწმონ ყველა ის დეტალი, რაც ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად არის საჭირო. 17 მარტიდან კიდევ დაემატება 35 დაწესებულება და შემდეგ 18 მარტიდან დაემატება 23 დაწესებულება რეგიონების და რაიონების დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.