გამყრელიძე: ინფიცირების რიცხვი ოდნავ იმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში აცრილთა დღიური რაოდენობა თანდათან იზრდება და იმედოვნებს, რომ საქართველოშიც ასე იქნება.

„დეკემბერში, როდესაც დაიწყო ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია, ასეთი პროცესი იყო ყველგან – დღიურად რამდენიმე ათასის ფარგლებში. დღეს დღიურ აცრილთა რაოდენობა დაახლოებით 10 მლნ-ია და ეს თანდათან იზრდება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საქართველოშიც. იმიტომ, რომ აცრის სიკეთე ბევრად აჭარბებს რისკს, რაც შეიძლება აცრასთან მიმართებით დადგეს.

ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა რისკი – ყოველდღიური შემთხვევათა რიცხვი ოდნავ იმატებს. ეს არ არის ნახტომისებური მატება, მაგრამ იმატებს დადებითობის და ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემსუბუქების შედეგი. მაგრამ სერიოზული ზრდა არ არის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”,- განაცხადა გამყრელიძემ.