სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“.
მისივე განცხადებით, დასავლეთმა დაინახა, სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას ექნება შესაბამისი შედეგები მათი მხრიდან.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ღიად მინდა, განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი აზრით, საერთოდ დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა, ვისთან აქვთ საქმე. პირდაპირ რომ ვთქვა, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია.
პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ დღევანდელი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან, ჩვენ სამწუხაროდ საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყანაში ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან.
აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.