გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გორში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. პირს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.

„აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნავენ უწყებაში.