ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აჩვენოს საზოგადოებას ერთიანობა, რომ მას შეუძლია ქვეყნის მართვა, ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ეს რაღაც არეულობის და ცუდის დასაწყისი კი არ არის, პირიქით, ეკონომიკური უკუსვლის და პრობლემების დასასრულია, ხოლო ახალი, პროდასავლური კოალიციური მთავრობა ქვეყანას წაიყვანს წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი მნიშვნელოვანია.
„ამიტომ არის მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციურ მთავრობაზე. არსებობს აპრობირებული გზები, როგორც ეს ხდება დასავლეთში, მაგალითად, შესაბამისი შეთანხმების გაფორმება პარტიებს შორის, სადაც არჩევნების შედეგების მიხედვით პირდაპირ განისაზღვრება, როგორ ხდება თანამდებობების განაწილება კოალიციურ მთავრობაში. ველოსიპედის მოგონება საჭირო არ არის და მიმაჩნია, უნდა გავყვეთ კარგ ევროპულ გამოცდილებას. ასე ხდება ევროპაში, სადაც ოპოზიცია აჩვენებს მოსახლეობას, რომ მას გააჩნია ერთიანობაც, გეგმაც, გააჩნია ხედვაც და არჩევნების შემდეგ ყველაფერი მიდის განსაზღვრული გეგმის მიხედვით. რაც შეეხება პირადად ჩემს ადგილს, ამაზე არ ვფიქრობ, მე პარტიული პოლიტიკიდან პაუზა მაქვს აღებული, თუმცა ბუნებრივია, ვერ მექნება პაუზა ოპოზიციური პოლიტიკიდან იმ დროს, როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, მაგრამ რაიმე კონკრეტული გეგმები ამ წუთში არ მაქვს. მზად ვიქნები, რომ სიტუაციის მიხედვით როგორც უკეთესი იქნება, ისე გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.