ჟიული შარტავას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

ჟიული შარტავას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, რუსთავში, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის ხსოვნას ტრადიციულად პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.