“მთავარი გზავნილია, რომ “ქართულ ოცნებას” აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სენატში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნეგატიური განცხადებები გაკეთდა.
“ვერ ვხვდები რა უხარია “ქართულ ოცნებას” მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები საუბრობდნენ, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა “ქართული ოცნების” მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს რომ გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.