თამარ გაბუნია: საქართველოში კოვიდვაქცინის შემოსვლა 2 ან 3 კვირით გადავადდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინების მოწოდება 2 ან 3 კვირით გადავადდება. თამარ გაბუნია ამის მიზეზად  Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნების დაყენებას ასახელებს.

“იმის გამო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ვიდრე ფაიზერი არ გადაჭირის ამ თემას საქართველოს მთავრობასთან და ასევე, კოვაქსთან, ვაქცინების მოწოდება გადავადდება. ამ შემთხვევაში საუბარი 2 ან 3 კვირით გადავადებაზე. მეტ გადავადებაზე არც Covax-ი და არც Pfizer-ი არ საუბრობს”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

 მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.

მისივე განმარტებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ „იუნისეფის“ საშუალებით ყიდულობს.

„თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, ჩვენ ვყიდულობთ „ასტრაზენეკას“ „იუნისეფის“ საშუალებით, „იუნისეფის“ მოწოდების მექანიზმი გამოცდილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით „კოვაქსთან“ ისევ მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

“ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავგეგმოთ და გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების ქვეყანაში შემოტანის და ვაქცინაციის პროგრამის აქსელერაციისთვის და რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.