თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება.  ცნობილია,რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და იტყვის რაში ხედავს ის გამოსავალს. შეხვედრას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდება.

“პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული ქვეყანაში, რაც არის დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ამასთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი და იმედი გვაქვს რომ ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების წინ გადასადგმელად,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაც და ევროპელი პარტნიორებიც თანხმდებიან იმაზე, რომ გამოსავლის მოძებნას დიალოგი სჭირდება.

” გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად ოპოზიცია, მაგრამ დიალოგი არ და ვერ იქნება ცარიელი სიტყვები. დიალოგს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული გარემო.ხოლო ეს შედეგზე ორიენტირებული გარემო დაანგრია ხელისუფლების ნაბიჯებმა.კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ლომის წილი და მთავარი ტვირთი ამ პროცესში არის ხელისუფლებაზე, რომ რაც დააზიანეს საკუთარი ნაბიჯებით, აღადგინონ და შექმნან შესაძლებლობა ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.