„იუნისეფი”: უახლოეს კვირებში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს

საქართველოში ვაქცინის შემოსვლასთან დაკავშირებით „იუნისეფის“ საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, უახლოეს კვირებში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს.

„ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, საქართველო „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან.

43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა. ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„იუნისეფის“ ინფორმაციით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების განხორციელებაში.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მსოფლიოში ვაქცინის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის ორ მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის რუტინული იმუნიზაციისა და დაავადებების გავრცელების საპასუხოდ. „კოვაქსის“ ინიციატივის მიზანია, მიუხედავად მათი შემოსავლის დონისა, ქვეყნებისთვის „კოვიდ-19“– ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების სამართლიანი და ხელმისაწვდომი განაწილება უზრუნველყოს. ეს პლატფორმა საერთაშორისო სოლიდარობის მექანიზმია, რომელიც შეიქმნა 92 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რათა მათ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან კოლექტიურად და ეფექტიანად ბრძოლა შეძლონ“, – აღნიშნულია „იუნისეფის“ ინფორმაციაში.